პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.
„მზისკარის“ ქსელში გაერთიანებულ მასპინძელ ოჯახებს, ტურიზმის ადმინისტრაცია მთელ რიგ ხელშემწყობ აქტივობებს სთავაზობს:
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინდივიდუალური ტრენინგები და კონსულტაციები:
მხარდაჭერა მარკეტინგში:
მისაწვდომობის გაუმჯობესება
ფინანსებზე წვდომა
სპეციალურად „მზისკარის“ წევრისთვის: სესხის დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სრულად სუბსიდირება. ხოლო სრულად ათვისებული სესხის შემთხვევაში 25% ქეშბექი.
სავალდებულო კრიტერიუმები:
1. ოჯახური ტიპის კვების მასპინძელი (შემდგომში - „ობიექტი“) სტუმრებს სთავაზობს რეგიონისთვის/ქვეყნისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ გასტრონომიულ გამოცდილებას.
1.1. ობიექტი, რომ ჩაითვალოს ოჯახური ტიპის მასპინძლად, იგი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
1.1.1. ობიექტის ძირითადი საქმიანობა არის ტრადიციულ გასტრონომიულ მასპინძლობასთან დაკავშირებული მომსახურება.
1.1.2. ოჯახი (ობიექტის მესაკუთრე) მუდმივად ცხოვრობს ადგილზე.
1.1.3. სამასპინძლო ინფრასტრუქტურა განლაგებულია იმავე ტერიტორიაზე, სადაც ოჯახი ცხოვრობს ან/და მიმდებარე ნაკვეთზე, ან/და იმავე სოფელში არსებულ ტრადიციულ ეზოში/კარ-მიდამოზე.
1.1.4. ობიექტის მართვა და დახვედრა-გამასპინძლების მომსახურების გაწევა ხორციელდება ოჯახის წევრების მიერ; ამასთან, არაძირითადი საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაძლებელია დამატებითი პერსონალის დაქირავება.
1.1.5. ობიექტში სტუმრობისას ვიზიტორი თავს ოჯახის სტუმრად აღიქვამს და არა რესტორნის მომხმარებლად. მასპინძელი მას უზიარებს ქართულ ავთენტურ ოჯახურ სტუმარმასპინძლობას, მოუთხრობს ისტორიებს და აქტიურად ჩართავს გამოცდილების შექმნის პროცესში.
2. ობიექტის ტერიტორიაზე მარნის არსებობის შემთხვევაში, სტუმრების მისაღები/გასამასპინძლებელი სივრცე აუცილებელია იყოს გამიჯნული მარნის სამასპინძლო ზონისგან. თუ ობიექტი უკვე არის პროექტ „ღვინის გზის“ წევრი და ასევე ეწევა ტრადიციული მასპინძლობის მომსახურებას, პროექტში - „მზისკარი“ მონაწილეობისთვის სავალდებულოა მომსახურებების ინფრასტრუქტურული გამიჯვნა. (მაგ.: თუ „ღვინის გზის“ შემთხვევაში დეგუსტაცია დაშვებულია მარანში, ტრადიციულ ოჯახურ სამასპინძლოს უნდა ჰქონდეს ცალკე დასასხდომი სივრცე და ცალკე მდგომი სამზარეულო.)
3. ობიექტის სახელწოდება/ბრენდი არ ასოცირდება კონკრეტულ ტურისტულ სერვისთან, როგორიცაა: ღამისგათევა (სასტუმრო, ოჯახური სასტუმრო, კოტეჯის, კემპინგის ტიპის მომსახურება), ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება (მარანი, ღვინის საწარმო, მეღვინეობა), ან მაღალპროცენტიანი ალკოჰოლის გამოხდა.
4. ობიექტი რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
5. ადგილზე (ობიექტზე) ხორციელდება სურსათის/კერძების/სასმლის მომზადება.
6. ობიექტი ფუნქციონირებს შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვით (ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება – „სურსათის ჰიგიენის ზოგადი“ და „გამარტივებული წესები“.)
7. ობიექტის მფლობელს საკუთრებაში გააჩნია მიწა/მცირე მეურნეობა, სადაც ხორციელდება რეგიონისთვის/ქვეყნისთვის დამახასიათებელი აგროკულტურული საქმიანობები (გარდა მევენახეობისა) (მინიმუმ მცირე ზომის ფერმერული მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა, და ა.შ.) ან წარმოდგენილია სადემონსტრაციო/საინტერპრეტაციო მეურნეობა.
8. პროექტი არ ვრცელდება შემდეგ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი.
9. ობიექტი უწყვეტად ოპერირებს წლის განმავლობაში მინიმუმ 9 თვე, ხოლო თუშეთსა და ხევსურეთში – მინიმუმ 4 თვე.
10. ობიექტის ტერიტორიაზე ღამისგათევის მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში, ობიექტი არ უნდა აღემატება ოჯახური მასპინძლობისთვის დამახასიათებელ ზომებს და არ შეუძლია ერთდროულად 6-ზე მეტი ოთახის ქონა და 15-ზე მეტი ზრდასრული სტუმრის განთავსება.
11. ობიექტის ტერიტორიაზე ღამისგათევის მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში, ობიექტის სამასპინძლო (დასაჯდომი) სივრცის ტევადობა შეადგენს საწოლფონდის რაოდენობას დამატებული 10 ადგილი. (მაგ.: თუ ობიექტს შეუძლია ღამისთევით 12 სტუმრის მიღება, სამასპინძლო სივრცე უნდა იტევდეს მინიმუმ 22 ადამიანს.)
12. ობიექტს სავალდებულოა, რომ გააჩნდეს:
12.1. სტუმრებისთვის კერძების მოსამზადებლად ცალკე სამზარეულო.
12.2 მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 45 სტუმრის მისაღები/გასამასპინძლებელი სივრცე.
12.2.1. აღნიშნული სივრცე წარმოადგენს სტუმრების მისაღებს/გასამასპინძლებელ (დასასხდომ) კაპიტალურად აშენებულ ოთახს, რომელიც არის სრულად მოწყობილი, გათბობის საშუალებით აღჭურვილი და მისი ფართობი შეადგენს არანაკლებ 15–20 კვ.მ-ს., ხოლო ჭერის სიმაღლე არანაკლებ 2,5 მეტრს.
12.2.2. დაშვებულია აღნიშნული ოთახის მდებარეობა როგორც მასპინძლის საცხოვრებელ სახლში, ასევე ეზო–კარმიდამოს ტერიტორიაზე ცალკე მდგომი სივრცის სახით.
12.2.3. თუ ოთახი განთავსებულია საცხოვრებელ სახლთან ერთად ერთ შენობაში, ის სავალდებულოდ უნდა იყოს იზოლირებული საცხოვრებელი (ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო) სივრცისგან.
12.4. სტუმრების მისაღებად განკუთვნილი, მოწესრიგებული და ფუნქციურად გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიცავს ტრადიციულ ელემენტებს.
12.5. მოწესრიგებული ეზო/კარ-მიდამო.
12.6. გამართული ჰიგიენურ-სანიტარიული კვანძები (ობიექტს სავალდებულოა გააჩნდეს სტუმრებისთვის მოწყობილი ცალკე იზოლირებული სველი წერტილი (სტუმრების მიერ არ უნდა ხდებოდეს ოჯახის საექსპლუატაციო სველი წერტილით სარგებლობა)). სველ წერტილს არ უნდა ჰჰქონდეს სამზარეულოში გამავალი კარი.
13. ობიექტი აღჭურვილია შესაბამისი საწარმოო და გასამასპინძლებელი ჭურჭლეულით (ასევე შეძლებისდაგვარად წარმოდგენილია ტრადიციული ხის, თიხის, ლითონის, ქვის და აშ. ჭურჭელი).
14. ობიექტის მენიუ:
14.1. ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
14.2. შედგენილია ტრადიციული ადგილობრივი კერძების ინგრედიენტების განმარტებებით (პროდუქტის GI - არსებობის შემთხვევაში ინგრედიენტის შესაბამისი განმარტებით).
14.3. ფიქსირებული მენიუს შემთხვევაში, იგი სავალდებულოდ შედგება ტრადიციული მინიმუმ 3 კომპონენტისგან (სტარტერი, მთავარი კერძი, დესერტი).
14.4. მენიუში არ არის წარმოდგენილი უცხო ქვეყნის კერძები.
15. ობიექტი მიკვლევადია ინტერნეტში:
15.1. შესაძლებელია მომსახურების დაჯავშნა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
15.2. შესაძლებელია მომსახურების დაჯავშნა სატელეფონო კავშირის მეშვეობით.
15.3. ინტერნეტ პლატფორმაზე შესაძლებელია ობიექტში მიღებული შთაბეჭდილების გაზიარება.
16. ობიექტზე შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორება.
არასავალდებულო (უპირატესობის მიმნიჭებელი):
1. ობიექტის ტერიტორიაზე მოწყობილია სივრცე რეგიონისთვის/ქვეყნისთვის დამახასიათებელი გასტროკულტურის ინტერპრეტაციის მიზნით და შეთავაზებულია აღნიშნულთან დაკავშირებული მასტერკლასები.
2. ობიექტს გააჩნია გასაყიდად დაფასოებული გასტროპროდუქტები და ტრადიციული წარმოების სუვენირები (მაგ.: თაფლი, ყველი, ჩირი და სხვა., შესაბამისი განმარტებითი ეტიკეტებით, ან ტრადიციული ჭურჭლეული - მაგ.: ქვასანაყი, ციცხვი, ჩოგანი და სხვა.).
3. მასპინძელი შემოსილია შესაბამისი სამოსით (მაგ: თავსაბურავი, წინსაფარი და ა.შ.).
მიმდინარე